ავტორი: ავთანდილ ხურციძე
სცენა I
ინტერიერი. ოფისი. დირექტორის მისაღები. დგას მდივნის მაგიდა კომპიუტერით
და ტელეფონით. მარჯვნივ მოსაცდელი სკამები. ოთახი მთლიანად თეთრია. თეთრია მაგიდა,
სკამები და კომპიუტერი. კედლებზე გაკრულია ცხოველთა დაცვის ლოზუნგების მატარებელი პლაკატები
და სურათები. მაგიდასთან ახალგაზრდა, მიმზიდველი თია ზის თეთრ გამომწვევ ფორმაში და
კომპიუტერში თამაშობს რაღაც თამაშს. მოსაცდელში ზის სოლიდურად ჩაცმული ვეფხია. მიმიკებზე
ემჩნევა დაძაბულობა. რეკავს ტელეფონი. მდივანი პასუხობს.
თია: - დიახ, გისმენთ ბატონო ვახტანგ... შემოვიდეს უკვე?.. კარგი ახლავე შემოვუშვებ.
ტელეფონის ყურმილს დებს და ვეფხიას მიმართავს.
თია: - გთხოვთ შებრძანდეთ, ბატონი ვახტანგი გელოდებათ. გილოცავთ.
ვეფხია: - გმადლობთ.
თია დგება დირექტორის კაბინეტის კარებს ხსნის. ვეფხია თავს დაუკრავს და
დაბნეული კაბინეტში შედის.