четверг, 14 февраля 2013 г.

ჰუმანპარკი (სცენარი)

                                                                                              ავტორი: ავთანდილ ხურციძე

სცენა I
ინტერიერი. ოფისი. დირექტორის მისაღები. დგას მდივნის მაგიდა კომპიუტერით და ტელეფონით. მარჯვნივ მოსაცდელი სკამები. ოთახი მთლიანად თეთრია. თეთრია მაგიდა, სკამები და კომპიუტერი. კედლებზე გაკრულია ცხოველთა დაცვის ლოზუნგების მატარებელი პლაკატები და სურათები. მაგიდასთან ახალგაზრდა, მიმზიდველი თია ზის თეთრ გამომწვევ ფორმაში და კომპიუტერში თამაშობს რაღაც თამაშს. მოსაცდელში ზის სოლიდურად ჩაცმული ვეფხია. მიმიკებზე ემჩნევა დაძაბულობა. რეკავს ტელეფონი. მდივანი პასუხობს.

თია: - დიახ, გისმენთ ბატონო ვახტანგ... შემოვიდეს უკვე?.. კარგი  ახლავე შემოვუშვებ.

ტელეფონის ყურმილს დებს და ვეფხიას მიმართავს.

თია: - გთხოვთ შებრძანდეთ, ბატონი ვახტანგი გელოდებათ. გილოცავთ.
ვეფხია: - გმადლობთ.

თია დგება დირექტორის კაბინეტის კარებს ხსნის. ვეფხია თავს დაუკრავს და დაბნეული კაბინეტში შედის.

სცენა II
ინტერიერი. დირექტორის კაბინეტი. ოთახი თეთრია. შემოსასვლელი კარიდან მიდის წითელი ხალიჩა. ოთახის ცენტრში დგას სკამი. მის წინ მთელი კედლის სიგრძეზე თეთრი მაგიდა. რომლის ცენტრში მდიდრულ სავარძელში ზის ბატონი ვახტანგი. მაგიდაზე აწყვია ბევრი ძვირფასი ნივთები (ცხოველების ფიგურები, მოცეკვავე გედები, მუსიკალური ზარდახშა).  ასევე თეთრი ტელეფონი და კომპიუტერი. დირექტორის სავარძლის უკან კედელზე გაკრულია დიდი თეთრი დათვის სურათი. მის გარშემო სხვადასხვა სიგელები და თევზაობის სურათები, სურათები ცნობილ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან. ვახტანგი სავარძელში ზის და კალთაში   ჩასმუუულ თეთრ კატას  ნაზად ეფერება. აცვია თეთრი ძალიან ძვირფარი შარვალ კოსტუმი და უკეთია შედარებით მუქი ჰალსტუხი, უკეთია მუქი სათვალე. წინ უდგას ფინჯანი ყავა. კარი იღება და ოთახში შემოდის ვეფხია.

ვახტანგი: - დაბრძანდით. ვეფხია არა?
ვეფხია: - დიახ. გმადლობთ.
ვახტანგი: - ძალიან კარგი. მშვენიერი, ძირძველი ქართული სახელია. გთხოვთ.
ვეფხია ჯდება. ნერვიულობს. ვახტანგი კატას დახედავს უფრო მონდომებით მიეფერება კატას. შემდეგ ისევ ვეფხიას მიაჩერდება.
ვახტანგი: - მე ყოველთვის პირადად ვხვდები ჩვენს ახლად შეძენილ თანამშრომლებს. ყოველთვის მინდა პირადად გავიცნო ჩვენი გუნდის ახალი წევრები. ვერანაირი ტესტირება თუ სხვა სახის შემოწმება ვერ მოგცემს იმდენ ინფორმაციას ადამიანზე რამდენსაც პირადი კონტაქტი მასთან. თუნდაც რამოდენიმე წუთით. ახლა როდესაც გიყურებთ ვხვდები, რომ თქვენ, თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად გაართმევთ თავს. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს უნიფორმას ჩემი მდივანი მოგაწვდით.
ვეფხია: - გმადლობთ.
ვახტანგი: - დროებით.
ვეფხია: - კარგად ბრძანდებოდეთ.

ვეფხია დგება მოკრძალებულად გადის ოთახიდან. ვახტანგი განაგრძობს კატის ფერებას.


სცენა III
ინტერიერი. გასახდელი. პატარა ოთახი.  ყველაფერი თეთრია. დგას პატარა კარადა. ოთახში შემოდის თია და მას ფეხდაფეხ მოყვება ვეფხია საკმაოდ მოზრდილი ჩანთით ხელში. თია კარადასთან მიდის.

თია:  - აი ეს იქნება თქვენი კარადა. აი გასაღები. აქ შეგიძლიათ თქვენი პირადი ნივთები შეინახოთ. იქ აბაზანაა სამუშაოს შემდეგ, ან შესვენებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ვეფხია: - თქვენ დიდი ხანია აქ მუშაობთ?
თია: - ჯობია საქმეზე იფიქროთ, ზედმეტად თავის შეწუხება მხოლოდ ზედმეტი თავის ტკივილი იქნება დამიჯერეთ. თქვენსავით ვიწყებდი მეც.
ვეფხია: - კარგი. მაშინ გამოვიცვლი და საქმეს შევუდგები.
თია:  - ძალიან კარგი. დროებით.

თია ოთახიდან გადის. ვეფხია კარადას  აღებს მაისურს იხდის. კარადაში ინახავს. შემდეგ ჩანთას ხსნის. ჩანთაში მოსჩანს ვეფხვის ფორმა.

სცენა IV
ზოოპარკი. სხვადასხვა კადრები. სპილოების გალიები, ბეჰემოტი წყალში ნებივრობს, დათვი ხეს ტორებს ურტყამს, ლომი ჩრდილში თვლემს. მაიმუნები დახტიან თოკებზე და ხის ტოტებზე. ჯიხვები რქებით ერთმანეთს ეჯახებიან. ირმები ამაყად დააბიჯებენ. ბავშვები სხვადასხვა კარუსელებზე ერთობიან მშობლებთან და თანატოლებთან ერთად. ცხოველებს ბატიბუტს ესვრიან. ზოგი ისვენებს. ზოგი ბატუტზე დახტის და ა.შ.

ექსტერიერი. ვეფხვის გალია. გალიაში ზის ვეფხია ვეფხის ფორმაში გამოწყობილი. ათვისებული აქვს ვეფცვის ჟესტები, ღრიალი, მოძრაობა. ბავშვები სხვადასხვა „სასუსნავს“ ესვრიან, იცინიან მშობლებთან და თანმხლებ ნაცნობებთან ერთად. სურათებს იღებენ.

დაჩქარებული კადრებით გადის დრო. ვეფხია გასახდელში ფორმას იცვლის. გალიაშია ვეფხვს ასახიერებს. იცვლებიან მაყურებლები. სხვადასხვა მიმიკები აქვთ.  მოჩანს სხვა ცხოველების კადრები. ღამდება. ფევხია გასახდელშია ფორმას იხდის. მიდის. საწოლშია. პარალელურად გრძელდება ზოოპარკის კადრები. ცხოველები. გასახდელი ვეფხია ფორმას იცვამს. ვეფხია გალიაში ვეფხვის ფორმაში. ბავშვების სიცილი, თამაში. ცხოველების კადრები. კადრების ეგეთი თანმიმდევრობა გრძელდება რამდენჯერმე. მომენტებში კადრი ჩვეულებრივი ხდება და ვეფხიას მზერა გვერდით და მოპირდაპირე გალიებში მსხდომარე ცხოველების უცნაურ კადრებზე ჩერდება. დათვი ზის ფეხიფეხზე გადადებული და სიგარეტს ეწევა. გორილა „აჟიმანიებს“ აკეთებს, ბეჰემოტი მობილურზე ლაპარაკობს. ამ 2-3 წამიანი ჩართვების შემდეგ ისევ გრძელგება სწრაფი კადრები. კადრები შავ ფონში გადადის

შავ ფონზე ჩნდება წარწერა:  - 6 თვის შემდეგ.

სცენა V
ექსტერიერი. ზოოპარკი. გარიჟრაჟი. გაყინული კადრები ცარიელ გალიებზე. მეეზოვეები და დამლაგებლები ასუფთავებენ ბილიკებს. ყარაული თავის ოთახში ზის და თოფს წმინდავს თან „ზოოპარკის ჰიმნს“ უსმენს. ზოოპარკის სხვადასხვა კუთხეში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი. სადაც გადის დილის საინფორმაციო გამოშვება. კადრი ჩერდება ეკრანზე. გამოდის პრეზიდენტი ტრიბუნაზე, რომელიც სავსეა სხვადასხვა მიკროფონებით და დიდი სიამაყით წარადგენს ზოოპარკის დირექტორს ვახტანგ მელაშვილს, რომელსაც თეთრი შარვალ-კოსტუმი აცვია, შედარებით მუქი ჰალსტუხი და მუქი სათვალე უკეთია. ხელში თეთრი კატა უჭირავს და ეფერება.

პრეზიდენტი: - მე მინდა დიდი სიამაყით წარმოგიდგინოთ ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელიც ყოველთვის ეროვნული იდეების სადარაჯოზე დგას. მან მოახერხა, შეინარჩუნა და კიდევ უფრო განავითარა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ზოოპარკი. ადგილი სადაც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი და შრომაში მუხლმოუხრელი თანამოქალაქენი ახერხებენ დასვენებას, ბუნების ღირსშესანიშნაობებით და  მისი სიდიადით ტკბობას. ეცნობიან და საკუთარი თვალით ხედავენ ჩვენი პლანეტის უიშვიათეს და უმშვენიერეს ბინადრებს, დიდი მადლობა მას ამისათვის (ისმის ტაში).

პრეზიდენტი აგრძელებს
პრეზიდენტი: - მე მინდა მადლობის ნიშნად ბატონი ვახტანგი ღირსების ორდენით დავაჯილდოვო. დაე ეს იყოს სიმბოლო იმ დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, რომელიც მან თავისი ქვეყნის აღმშენებლობაში ჩადო და რომელიც კიდევ ბევრ სასიკეთო შედეგს გამოიღებს ჩენი ხალხისა და ქვეყნისათვის... (ტაში)... ბატონო ვახტანგ გთხოვთ.

ტაშის ფონად პრეზიდენტი ტრიბუნას ბატონ ვახტანგს  უთმობს და მის უკან დგება. ვახტანგი კატის ფერებით ტრიბუნასთან მიდის. თავს მორიდებულად დაუკრავს კამერებს.

ვახტანგი: - მე ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, იმით რასაც ერთად მივაღწიეთ. თუმცა ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება, ეს ყველა ჩვენთაგანის დამსახურებაა, რომლებიც მთელი თავისი ძალით და მონდომებით პირნათლად ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას და ამით ქვეყნის წინსვლას უწყობთ ხელს. ეს სიმბოლური ჯილდო რომელიც დღეს ბატონმა პრეზიდენტმა მე გადმომცა ყოველ მათგანს ეკუთვნის, მე კი ჩემი ცხოვრების მთელს გზაზე მზად ვარ მათ გვერდით ვემსახურო ჩვენი ერთიანობის და სიძლიერის უკეთილშობილეს გზას, ჩვენს სამშობლოს... რომელსაც ყველანი ერთად, ასეთი დიდი მონდომებით ვაშენებთ.... (ისმის დამაყრუებელი აბლოდისმენტები რომელსაც თანდათან ეპარება „ზოოპარკის ჰიმნი“)

აბლოდისმენტების ფონზე კამერა უკან იხევს და ზოოპარკს უბრუნდება. აბლოდისმენტები ნელ-ნელა გადის და რჩება მხოლოდ „ზოოპარკის ჰიმნი“. ყველა გალია სავსეა სხვადასხვა ცხოველით, რომლებიც დიდი ყურადრებით უყურებენ ეკრანს. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით თითოეული ცხოველი ფეხზე დგება. ცხოველის თავს იხსნის და მოსჩანს, რომ ყველა ცხოველი ზოოპარკში ცხოველის ფორმაში გადაცმული ადამიანია. კამერა მაღლა მიდის „ზოოპარკის ჰიმნის“ ფონზე და გამოსახულება შავ ფონში იკარგება.

დასასრული.


Комментариев нет:

Отправить комментарий