четверг, 14 февраля 2013 г.

დანიილ ჰარმსი - მიშინის გამარჯვება


მიშინს უთხრეს:
ჰეი, მიშინ ადექი!
მიშინმა უთხრა:
არ ავდგები _ და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მაშინ მიშინთან მივიდა კალუგინი და უთხრა:
თუ შენით არ ადგები, მე გაიძულებ ადგომას.
არა, _ უპასუხა მიშინმა და გააგრძელა იატაკზე წოლა.
მიშინთან მივიდა სელეზნიოვა და უთხრა:
თქვენ მიშინ მუდამ წევხართ დერეფანში და ხელს გვიშლით წინ და უკან სიარულში.

გიშლიდით და ისევ შეგიშლით._თქვა მიშინმა.
იცით _ თქვა კორუშნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
და რა საჭიროა აქ ამდენი ბაასი! დარეკეთ მილიციაში.
დარეკეს მილიციაში და გამოიძახეს მილიციონერი.
ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა მილიციონერი მეეზოვესთან ერთად.
აბა, რა ხდება აქ? _ იკითხა მილიციონერმა.
დატკბით!.. _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
აი ეს მოქალაქე მთელი დღეები წევს იატაკზე და ხელს გვიშლის მოძრაობაში. ჩვენ მას...
მაგრამ მას შეაწყვეტინა სელეზნიოვამ და თქვა:
ჩვენ მას ვთხოვეთ რომ წასულიყო, ის კი არ მიდის.
დიახ. _ დაუდასტურა კორშუნოვმა.
მილიციონერი მივიდა მიშინთან და ჰკითხა:
მოქალაქევ, რატომ წევხართ აქ?
ვისვენებ _ უპასუხა მიშინმა.
მოქალაქევ, აქ დასვენება არ შეიძლება. _თქვა მილიციონერმა. _ მოქალაქევ, სად ცხოვროვბთ თქვენ?
აქ. _ თქვა მიშინმა.
სად არის თქვენი ოთახი? _ ჰკითხა მილიციონერმა.
ის ჩვენს ბინაშია ჩაწერილი, მაგრამ ოთახი არა აქვს. _ თქვა კალუგინმა.
მოიცადეთ მოქალაქევ, _ უთხრა მას მილიციონერმა. _მე ახლა მასთან ვსაუბრობ. მოქალაქევ სად გძინავთ?
აქ. _ თქვა მიშინმა.
ნებას მომცემთ? _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
მას საწოლიც კი არა აქვს, ეგრე აგდია შიშველ იატაკზე.
ისინი დიდი ხანია წუხდებიან მის გამო _ თქვა მეეზოვემ.
საერთოდ შეუძლებელია დერეფანში სიარული, _ თქვა სელეზნიოვამ. მე არ შემიძლია ყოველ ჯერზე გადავაბიჯო მამაკაცს. ის კი შეგნებულად შლის ფეხებს და ხელებს, და თან ზურგზე წვება. მე სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, დასვენება მინდა.
უნდა დავძინო _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
ის ღამითაც აქ წევს, მის გამო სიბნელეში ყველა გაჭირვებით დავდივართ. მე მის გამო საბანი გამეხა.
სელეზნიოვამ თქვა:
მას ლურსმნები და რაღაც ბასრი საგნები უცვივა ჯიბეებიდან. შეუძლებელია დერეფანში ფეხშიშველი სიარული, მის გამო შეიძლება ფეხი გაიჭრას ვინმემ.
მათ კერასინით უნდოდათ მისი დაწვა. _ თქვა მეეზოვემ.
ჩვენ ის კერასინით შევტრუსეთ _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ მას შეაწყვეტინა კალუგინმა და თქვა:
ჩვენ მხოლოდ შესაშინებლად გავაკეთეთ ეს, მისი დაწვა არც გვიფიქრია.
მე არ დავუშვებდი აქ ჩემი ყოფნისას ცოცხალი ადამიანის დაწვას. _ თქვა სელეზნიოვამ.
ბოლოს და ბოლოს მითხარით, ეს მოქალაქე რატომ წევს იატაკზე? _ იკითხა უცებ მილიციონერმა.
ოო, გამარჯობათ! _ თქვა კორშუნოვმა, მაგრამ კალუგინმა მას შეაწყვეტინა და თქვა:
იმიტომ რომ მას არა აქვს სხვა საცხოვრებელი; აი ამ ოთახში მე ვცხოვრობ, იმაში ისინი და მიშინი აქ, დერეფანში ცხოვრობს.
ეს არ გვაწყობს, _ თქვა მილიციონერმა _ საჭიროა რომ ყველა საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრობდეს.
მაგრამ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი. _ თქვა კალუგინმა.
სწორედაც. _ თქვა კორშუნოვმა.
და აი ასე წევს აქ. _ თქვა სელეზნიოვამ.
ეს არ გვაწყობს. _ თქვა მილიციონერმა და წავიდა მეეზოვესთან ერთად.
კოშუნოვი მივიდა მიშინთან.
აბა? _იყვირა მან. _როგორ მოგეწონათ?
მოიცადეთ, თქვა კალუგინმა, მივიდა მიშინთან და თქვა: გაიგონე რა თქვა მილიციონერმა? ადექი იატაკიდან!
არ ავდგები, _ თქვა მიშინმა და გააგრძელა იატაკზე წოლა.
ის ახლა დიდხანს და სპეციალურად იქნება აქ დაწოლილი. _ თქვა სელეზნიოვამ.
დროგამოშვებით. _ თქვა გაღიზიანებული ხმით კალუგინმა.
და თქვა კორშუნოვმა:
მე ამაში ეჭვი არ მეპარება. Parfaitement

Комментариев нет:

Отправить комментарий