четверг, 14 февраля 2013 г.

Edward D. Wood. Jr. - “რეჟისორი ტრანსვესტიტი”



ედუარდ ვუდ უმცროსი
ზოგადად თრეშ კულტურა წარმოიშვა XX საუკუნის 20-იან წლებში და ხელოვნების ყველა ჟანრი მოიცვა. ის ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული მიმდინარეობა, რომლის მთავარ გამომსახველად იქცა მეორეხარისხოვანი და ამავე დროს ყველანაირ კლიშეს მოკლებული ინდივიდუალური მარაზმი. თრეშისთვის სასურველ და დამახასიათებელ ელემენტებად ითვლება: ვულგარული, ყველანაირი გემოვნების გამანადგურებელი ეფექტი, გულისამრევი შოკი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიუჟეტების ყველაზე არალოგიკური თანწყობა, რომელიც უმეტესწილად მაყურებელში ნერვოზული ყვირილის დაუოკებელ სურვილს ან არაბუნებრივ და უჩვეულო, უემოციო მდუმარებას იწვევს.

თრეში მოიხმარს ყველაფერს რაც ყოველდღიურად გარშემო ხდება და იქმნება, გადაამუშავებს და აქტიურად ინელებს ყველა იმ პროდუქტს, ელემენტს და ენერგიას რაც იქმნება კულტურასა თუ ყოველდღიურ გამოყენებად რეალობაში, ის ვერ არსებობს პოსტმოდერნის გარეშე (ისევე როგორც პოსტმოდერნი ვერ არსებობს თრეშის გარეშე) და წარმოადგენს მის მეორე მხარეს. თრეში არის ესთეტიზმის, ჩარჩოების და წესების უგულებელყოფა. ის ყოველთვის კონტრასტში მოდის სოციალურ ნორმებთან და მასკულტურასთან. საზოგადოებაში სადაც ყველა მიისწრაფის ერთფეროვნებისაკენ, ატარებენ ერთ და იგივე ტანსაცმელს, რომელიც ცნობილ ჟურნალებში იხილეს, იკვებებიან ერთნაირი საკვებით, რომელიც იხილეს ტელევიზიით ერთფეროვანი რეკლამების დროს გაჟღერებული სწრაფი კვების ობიექტებში, ეცნობიან ერთ და იგივე წიგნებს, პრესას, უსმენენ ერთ და იგივე მუსიკას და უყურებენ ერთფეროვანი ცხოვრებისეული დრამატიზმით გაჟღენთილ ფილმებს. ეს ყველაფერი თრეშის ძირითადი არსია.
თრეშის განვითარება როგორც ზემოთ აღინიშნა კულტურული ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, ლიტერატურიდან დაწყებული კინემატოგრაფით დამთავრებული.
თრეშ კინოს საფუძველი გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ჩაეყარა, უფრო სწორად შედგა ტრეშ კინოს პირველი, გაუცნობიერებელი პრეცენდენტი. პირველი ადამიანი რომელმაც თრეშ კინო შექმნა და რომელიც ამ ჟანრის კლასიკოსად არის აღიარებული იყო ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი, კინოგამქირავებელი, მწერალი, რედაქტორი და ა.შ. (ძირითადად ყველაფრით ერთდროულად იყო დაკავებული) ედუარდ ვუდ უმცროსი (Edward. D. Wood Jr.) იგივე ედ ვუდი.

ედ ვუდი დაიბადა 1926 წლის 10 ოქტომბერს ნიუ იორკში და მთელი თავისი ახალგაზრდობა მიუძღვნა იაფფასიანი სცენარების წერას, რომლებსაც ნიუ იორკის სხვადასხვა “დეშოვი” თეატრის სცენებზე დგამდა. ამ სპექტაკლებს როგორც წესი 10-15 კაცი ესწრებოდა რომელთაგანაც 10-ს ეძინა, ხოლო დანარჩენები საკუთარი პირადი საქმეებით იყვნენ დაკავებული. ასეთ დროს ედი კულისებში იდგა და თითოეულ გათამაშებულ ფრაზას იმეორებდა აღფრთოვანებით. ასევე დიდი გულისყურით კითხულობდა გამოქვეყნებულ რეცენზიებს საკუთარი სპექტაკლების შესახებ, რომლებიც მის შემოქმედებას დიდ უნიჭობად მოიხსენიებდა, თავად კი აღფრთოვანებული იყო მათი შენიშვნებით და სჯეროდა, რომ სულ მალე დიდ ჰორიზონტებს დაიპყრობდა.
40-იანი წლების შუა ხანებში ვუდი საცხოვრებლად და თავისი იდეების განსახორციელებლად გადადის კალიფორნიაში, ის ჰოლივუდის დასაპყრობად ემზადება და გადაწყვეტს ხელი მიჰყოს კინო ინდუსტრიას. იწყებს ფილმზე მუშაობას და 1947 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი "The streets of Laredo". ფილმი ვესტერნის ჟანრშია და საშინელი ოსტატობით არის გადაღებული. ეს აისახა კიდეც მისი ჩვენების პერიოდში. ფილმმა ისეთი წარუმატებლობა განიცადა, რომ ედ ვუდმა საერთოდ კინოზე ხელის აღება გადაწყვიტა.
მაგრამ ცოტა ხანში მოხდა ისეთი რამ, რომ ვუდმა დაბრუნება გადაწყვიტა, მან სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ დამკრძალავ ობიექტში კუბოს მოსაზომად მისული ბელა ლუგოში გაიცნო. ლუგოში თავის დროზე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო, ის გახლდათ ქრონოლოგიურად პირველი მათ შორის, ვინც დრაკულას როლი ითამაშა. ახლა კი დაბერებული და განარკომანებული ჰეროინის უხვი დოზებით იკვებებოდა, ხოლო მისი არსებობა თითქმის არავის ახსოვდა. ვუდი აღფრთოვანებული იყო მისი გაცნობით და მომენტალურად ფილმის გადაღების ახალი იდეა გაუჩნდა. ამ დროიდან ლუგოში და ვუდი განუყრელი მეგობრები და პარტნიორები გახდნენ, ვიდრე 1958 წელს ლუგოში არ გარდაიცვალა.



ბელა ლუგაში
1953 წელს გამოდის ვუდის და ლუგოშის პირველი ერთობლივი ნამუშევარი "Glen or Glenda" ფილმი ეხება ტრანსექსუალ მამაკაცს რომელიც სრულიადაც არ იყო ტრანსექსუალი და უბრალოდ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილს უყვარდა სიარული.
ფილმში ბევრი გაურკვევლობა და აბსოლირურად შეუსაბამო კადრებია. ფილმის ნახვის შემდეგ დიდი სიცარიელე რჩება და გებადება ლოგიკური კითხვა: რატომ? ფილმი ჩავარდა.
მიუხედავად მთელი რიგი წარუმატებელი მცდელობებისა ედ ვუდი აგრძელებს ფილმების გადაღებას აბსოლიტური უსახსრობით. რამოდენიმე საათში წერს სცენარს და პოულობს ფილმში მონაწილე პერსონაჟების პროტოტიპებს და დიდი შრომა-გასწორების გამოყენებით ნაშოვნ 50$-ად იღებს საათნახევრიან, სრულმეტრაჟიან ფილმებს.
1958 წელს ედ ვუდი ხდება ბაბტისტი იმისათვის, რომ ბაბტისტურმა კლანმა ახალი ფილმი დაუფინანსოს. და მართლაც ისინი აფინანსებენ მის ფილმს 50 000 დოლარით. ეს ფილმი იყო ყველაზე ძვირადღირებული ედ ვუდის შემოქმედებაში. მან როგორც ყოველთვის მალევე დაწერა სცენარი და დამკვეთებს აჩვენა. ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ახლადშექმნილი სცენარის სათაური -“საფლავისმთხრელები კოსმოსიდან”. ბაბტისტური საძმოს დაჟინებული თხოვნით ედ ვუდმა ფილმს სათაური შეუცვალა და “გეგმა #9 შორეული კოსმოსიდან” ( “Plan 9 from Outer Space”) დაარქვა. ამის შემდეგ დაიწყო ფილმზე მუშაობა და რამოდენიმე დღეში ედ ვუდმა თავის ფილმოგრაფიას კიდევ ერთი ფილმი შემატა.
ამჯერად ფილმის პრემიერა შედარებით წარმატებულ კინოთეატრში გაიმართა და დარბაზიც გაივსო მაყურებლებით, თუმცა ვერ გეტყვით, რომ სეანსიდან ყველა კმაყოფილი წავიდა. ეს ფილმი იყო ედ ვუდის ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გაურკვეველი სიუჟეტისაა, აბსოლიტურად უმიზეზოდ არის კადრების რამდენჯერმე გამეორება ფილმის სხვადასხვა ნაწილში, საბრძოლო მოქმედებების რეალური ნაწილების თუ ფონების შეუსაბამობა მმართველი პოლკოვნიკის ადგილსამყოფელთან, ძაფებზე დაკიდებული მფრინავი თეფშები, უცხოპანეტელების შუა საუკუნეების ხანის რაინდების შესაფერისი სამოსი და გაურკვეველი სახეობის შეიარაღება, და რაც მთავარია ბელა ლუგოშის დაუსწრებელი, გამოგონილი როლი ამ ყველაფერში და მისი ორეული, რომელიც სრულიად არ ჰგავს პირველყოფილს და ამის გამო მას მთელი ფილმის მანძილზე სახე დაფარული აქვს.
ეს ფილმი ისევე როგორც ედ ვუდის მთელი კინოკოლექცია ერთ დუბლიანია, არცერთი კადრი მეორედ არ არის გადაღებული. პირველი ცდა ყოველთვის იყო უკანასკნელი.
ამ ფილმის შემდეგ ედ ვუდი აგრძელებს კინოს სამყაროში მოღვაწეობას და იღებს მრავალნაირი სახეობის და ჟანრის იაფფასიან ფილმებს. თუმცა გეგმა #9-ს შემდეგ მას ნორმალური კინოთეატრი აღარ უნახავს. 1971 წელს ის იღებს ფილმს "Necromania" რომელიც პორნო ინდუსტრიაში ძალების მოსინჯვა იყო, ეს მცდელობაც ისევე როგორც სხვა დანარჩენი აბსოლიტური კრახით დამთავრდა.
ედ ვუდი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად მუშაობდა მსახიობებთან, რომლებიც სრულებითაც არ იყვნენ მსახიობები. მაგალითად ტორ ჯონსონი, რომელიც ვუდმა პირდაპირ მოკრივეთა რინგიდან აიყვანა მისი გრანდიოზული ფიზიკური სიდიდის გამო.
ასეთივე არაპროფესიონალი და არაპროგნოზირებადი პროფესიების იყვნენ: ტომ კინი, კარლ ენტონი და სხვები. მცირე სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა მაილა ნურმის რომელიც ედ ვუდის ფილმებამდე ტელეჟურნალისტი იყო.
ედ ვუდი გარდაიცვალა 1978 წლის 10 ოქტომბერს. იმავე წელს ის ჰოლივუდმა აღიარა როგორც ყველა დროის ყველაზე ცუდი ჰოლივუდელი რეჟისორი. და სწორედ ამ აღიარებამ გამოიწვია მისი შემოქმედებისადმი ინტერესი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდა ედ ვუდის მიმდევრები და მისი თაყვანისმცემლები, რამაც ისევე როგორც ედ ვუდის ერთი შეხედვით უმნიშვნელო კინოკარიერამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე კინემატოგრაფზე.
1994 წელს ცნობილმა რეჟისორმა და მეზღაპრე ტიმ ბარტონმა გადაიღო ფილმი ედ ვუდის ცხოვრების შესახებ, სადაც ედ ვუდს განასახიერებს ცნობილი მაკრატელი ჯონი დეპი. ფილმმა 1995 წელს მოიპოვა ამერიკური კინოაკადემიის სამი უმაღლესი ჯილდო “ოსკარი”(საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – მარტინ ლანდაუ; საუკეთესო გრიმი – რიკ ბეიკერი, ვე ნეილი).
დღესდღეობით თითქმის ყოველდღიურად იაფფასიანი ფილმები წარმატებული კინოპრემიების ლაურიატები ხდებიან, დღეს ეს ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია და იშვიათად უჩნდება ვინმეს კითხვა თუ როგორ მოხდა ეს. არადა პასუხი თავად გპოულობთ თქვენ.

მის ფილმებში თამაშობდნენ ძირითადად ერთი და იგივე მსახიობები, რომელთა უმრავლესობა სულაც არ იყო მსახიობი. მაგალითად ტორ ჯონსონი "ბოი ბეზპრავის" მებრძოლი იყო, არადა რა უნდოდა მსახიობად მაინც ვერ ვხვდები...


ტორ ჯონსონი


დიუკ მური


ტომ კინი


დუდლი მენლოვი


გრეგორი უოლკოტი

****
შედარებით მეტი გამოცდილება ჰქონდა მაგ ამბავში ვამპირას, იგივე მაილა ნურმის, მაგრამ არც ეგ იყო რაღაც განსაკუთრებული...



მაილა ნურმი


1. Streets of Laredo, The (1948)
2. Sun was Setting, The (1951)
3 .Glen or Glenda (1953) (რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი)
4. Crossroad Avenger: The Adventures of the Tucson Kid (1953)
5. Boots (1953)
6. Jail Bait (1954) (რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი)
7. Bride of the Monster (1955) (რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი)
8. The Violent Years (1956) (სცენარისტი)
9. Night the Banshee Cried, The (1957)
10. Final Curtain (1957)
11. The Bride And The Beast (1958) (სცენარისტი)
12. Plan 9 from Outer Space (1958) (რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი)
13. Night of the Ghouls (1959)
14. Revenge Of The Dead/ Night Of The Ghouls (1960) (რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი)
15. Sinister Urge, The (1961) (რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი)
16. Shotgun Wedding (1963) (სცენარისტი)
17. Orgy Of The Dead (1965) (სცენარისტი)
18. 1000000 AC/DC (1969) (სცენარისტი)
19. Take It Out In Trade (1970) (რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი)
20. Excited (1970) (as Akdov Telmig)
21.Only House, The (1971)
22. Necromania (1971) (რეჟისორი, სცენარისტი)
23. Class Reunion (1973) (სცენარისტი)
24. Fugitive Girls (1974) (მსახიობი, სცენარისტი)
25. The Cocktail Hostesses (1974) (სცენარისტი)


Комментариев нет:

Отправить комментарий