пятница, 22 июля 2016 г.

CROSSWORD (ჰაროლდ & რკო)



ჩემი ტილოები ამშრალებდნენ ღმერთის ნაფეხურებს არტ-კაფეებში
უცხო ხელები კი მონდომებით ასუფთავებდენ იატაკზე შემხმარ უცნაურ ნამცეცებს.
იმ დღეს მივხვდით, რომ ღმერთი არ არის ირლანდიელი გენიოსი
და არც კინორეჯისორი.
ტელეფონის ზარმა შემაშფოთა, რადგან ტელეფონი არ მქონდა.
ჰალუცინაციების ქაოსი მაჩუქა არადაბადებისდღეზე უტელეფონობამ.
ჰალუციანაციებმა ჩაიარეს და დამრჩა სველი თეთრეულით სავსე მარტოობა.
შეხებამ შეაჩერა დრო...
დრო თეთრკედლიანი პალატებია, რომლებშიც პაციენტებზე ატარებენ ექსპერიმენტებს...
შეიძლება პაციენტებიც ეუფლებიან მათ, ან სულაც პალატები გაურბიან ერთფეროვან სიცარიელეს საკუთარ სივრცეებში და მშვიდდებიან მათი ცქერით.


არ გვეღირსება ჩვენ გამონათება... ნიჩბები ვეღარ ტრიალებს დროულად წყალზე,
პალატებმა ზღვაში შეცურეს....
ჰორიზონტებმა შესვეს ერთმანეთი და გაერთიანდნენ.
და ტილო, რომელიც ნაბიჯებს წენდდა ჭუჭყიანი აღმოჩნდა - ჩვენს თვალწინ ორმაგად მტვრიანი და ნაგვიანი ნაბიჯებია.
ელექტრონათურები ელექრონულ ბომბებად იქცნენ, განათებული ბალიშებით დააბიჯებენ ქალაქის სწორხაზოვან ქუჩებში.
სადაც უკვე აღარ წამთ ღმერთი და ადამიანებიც მიმოიფანტნენ...შეუერთდნენ გაერთიანებულ ჰორიზონტს...
განმეორებულმა ცოდნამ, ერთი მეორეს მიყოლებით გაანადგურა მომავლის რწმენები, რომლებმაც გამოფიტა სივრცობრივი ერთიანობა და დაგვიტოვა კიბერ სივრცე, ნეომარტიცა.
რომელშიც თეთრხალათიანმა ექიმმა გამოგვიწერა არსებობა...
წითელთმიანმა ექთნებმა კი გაგვიჩხირეს ანტივირუსი, ყოველდღიურობისგან დასაცავად...
მაგრამ დაგვაკლეს დოზა... (ჩვენი შემოსავალი არ აგემატება წამლის ღირებულებას) და მაინც ვერ მივაღწიეთ კონტრყოველდღიურობას...
გავიჭედეთ საზღვრებს შორის, როგორც დამინული ზონები ვიეტნამის ტყეებში.
და ყველამ დიდი აფეთქებისთვის დავიწყეთ მზადება...
ველოდებით როდის გადარჩება ვიეტნამი, რომ გადავრჩეთ ჩვენც...
გასხივოსნებული პროფესორები ჩამოახრჩეს და ჩვენდაუნებურად გვიწევს სხვა გზების პოვნა.
გზები კი შორს არის ჩვენი საზღვრებისგან... როდის მივაღწევთ იქამდე?!
აგვერია სათვალავი - რამდენი გზაჯვარედინი, რამდენი შესახვევი და რამდენი ბილიკია გადასალახი.
კიბერსივრცე უკვდავია, ისევე როგორც ირლანდიელი ღმერთი, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ სანამ ქარი ზურგის მხრიდან ქრის...
უნდა ვიჩქარო!
სანამ ჯერ კიდევ დაგვრჩა საკმარისი უაზრობა და ქაოსის განცდა.
სანამ შეგვიძლია ვიგრძნოთ არსებობა.
სანამ ჯერ კიდევ ვხედავთ ერთმანეთს
ვილოცოთ კოსმოსისთვის, რომელიც უსასრულო დუმილს გვპირდება.

F I N !

Комментариев нет:

Отправить комментарий